Friday, June 8, 2018

საწრეო მუშაობის რეფლექსია


                              
  ქართული ენის წრე  „მწიგნობრული მეტყველების სტილი“ მოწოდებული იყო, მოსწავლეები თანმიმდევრულად გასცნობოდნენ მხატვრული, სამეცნიერო, პუბლიცისტური და საქმიან-ოფიციალური სტილის ტექსტებს და მათი ძირითადი ნიშნებისა და ენობრივი მახასითებლების შესწავლის  საფუძველზე, თავად შეექმნათ სხვადასხვა სტილით გამართული ტექსტები. წრის შეხვედრები ტარდებოდა გეგმის მიხედვით, ჩვენ ერთად მოვიძიებდით, ამ თუ იმ სტილის გათვალისწინებით,   მნიშვნელოვან მასალებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საგაზეთო სტატიებისა და წერილების თემამ. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა დიდი მონდომებით  წაიკითხეს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტური ნაშრომები. გაეცნენ არგუმენტირებული ესეს წერის მოთხოვნებს და წარმოადგინეს პრეზენტაციები თანამედროვეობის ისეთ მწვავე პრობლემებზე, როგორიცაა ბავშვის აღზრდა; პირველ კლასში უცხო ენის სწავლება; კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება და სხვა. წრის წევრებს შეუძლიათ ერთ თემაზე შექმნან საინფორმაციო, სამეცნიერო და მხატვრული ტექსტი. ცნობილია, რომ „მეტყველების ნიჭს ისეთი ვარჯიშობა უნდა, როგორიც ყველაფერს სხვას“-სწორედ ეს იყო ჩვენი წრის მიზანი და მან ხელი შეუწყო,  მოსწავლეებს უკეთ სცოდნოდათ ენის სტილისტური შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობდა  დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას.
   თითოეული საწრეო მეცადინეობისთვის მოვიძიებდი სათანადო რესურსებს; ვაწვდიდი მოსწავლეებს თეორიული მასალის შემცველ ლიტერატურას; გადაცემული საშინაო დავალებები ითვალისწინებდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
   საწრეო მუშაობა ესგ-ით განსაზღვრულ რთულ და ვრცელ საკითხებს მოიცავდა, რასაც თან ახლდა სირთულე როგორც თემატური, ისე დროის თვალსაზრისითაც. ამ მხრივ უნდა დავასახელო  სამეცნიერო სტილის შესწავლისას აღნიშნული ისეთი აქტივობა, როგორიცაა რეფერატი, რომლის შესწავლასა და ნიმუშების გაცნობას უნდა მოჰყოლოდა კვლევების ჩატარება.  ვფიქრობ, საწრეო მუშაობის დამთავრების შემდეგ  წრის  წევრები დამოუკიდებლად გააგრძელებენ თანამშრომლობას, მათ შეუძლიათ მომმართონ კონსულტაციისთვის.
    საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ  საწრეო მუშაობის დადებითი შედეგი იყო ის, რომ მივაღწიე მოსწავლეთა გააქტიურებას; მოზარდები  დაეუფლნენ მწიგნობრული სტილის საფუძვლებს.