Wednesday, May 16, 2018

წრის შეხვედრები


1.      საწრეო მუშაობის პირველი შეხვედრა
   შედგა პირველი შეხვედრა წრის წევრებთან.  მოსწავლეები ყურადღებით გაეცნენ ესგ-ის მოთხოვნებს  ენობრივ-სტილური საშუალებების ცოდნის თვალსაზრისით (ქართ.X.6 ; ქართ.XI.12…), გაიაზრეს მწიგნობრული მეტყველების სტილის მნიშვნელობა და აუცილებლობა და წრის ხელმძღვანელთან ერთად ჩამოაყალიბეს სამუშაო თემატიკა, განსაკუთრებით მოიწონეს პუბლიცისტური სტილის შესწავლისთვის შერჩეული აქტივობები. სტილის რაობაზე მცირე ლექციისა და თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ იმსჯელეს სხვადასხვა სტილისთვის დამახასიათებელ ნიშნებსა და თავისებურებებზე, რომელსაც განსაზღვრავს მეტყველების მიზანი და აუდიტორია. მოსწავლეებს  მიეცათ საშინაო დავალებები: 1. გაეცანით მწიგნობრული მეტყველების სტილის სახეების ძირითად ნიშნებს და მათ დამახასიათებელ თავისებურებებს. 2.  წაიკითხეთ შემოთავაზებული ტექსტები და შეეცადეთ განსაზღვროთ, რომელ სტილს განეკუთვნება თითოეული მათგანი.






 2.    საწრეო მუშაობის მეორე შეხვედრა
 საწრეო მუშაობის თემა იყო ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის მიხედვით. მოსწავლეებს გავაცანი სხვათა სიტყვის შემცველი მხატვრული, სამეცნიერო და პუბლიცისტური ტექსტები. ავუხსენი პირდაპირი ნათქვამის დანიშნულება, მისი ირიბად გადაკეთება. მოსწავლეებს შევთავაზე წინადადებები და ტექსტები, რომლებშიც  გამიჯნეს სხვათა სიტყვა ავტორის მეტყველებისგან. საშინაო დავალებად მიეცათ : დაწერეთ საინფორმაციო, სამეცნიერო ან მხატვრული ტექსტი, რომელშიც გამოიყენებთ სხვათა სიტყვას, როგორც პირდაპირს, ისე ირიბს.





3.   საწრეო მუშაობის მესამე შეხვედრა
   საწრეო მუშაობის თემა იყო ტექსტების კლასიფიკაცია მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. მოსწავლეები კითხულობდნენ შერჩეულ ტექსტებს, რომლებშიც აკვირდებოდნენ მონოლოგებს, დიალოგებსა და პოლილოგებს მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ  მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ, თუ რა ფუნქციური დატვირთვა გააჩნია მონოლოგს, დიალოგსა და პოლილიგს მხატვრულ ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში. საშინაო დავალებად მიეცათ: შეარჩიონ ცნობილ მწერალთა ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ წერილებში აღნიშნული ტექსტების შემცველი მონაკვეთები და იმსჯელონ მათს დანიშნულებასა და  გამოხატვის ენობრივ მახასიათებლებზე.




4. საწრეო მუშაობის მეოთხე შეხვედრა
მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს მეტყველების ფუნქციური ტიპები -აღწერა, თხრობა და მსჯელობა. გაეცნენ აღწერითი, თხრობითი და მსჯელობითი ტექსტების ნიმუშებს და დააკვირდნენ მათ ძირითად ნიშნებს; უპასუხეს კითხვებზე: რა ტიპის აღწერას ვხვდებით მოცემულ ტექსტში? დააკვირდით, როგორ აგებს თხრობას ავტორი? მოძებნეთ დებულება,რომლის დასაბუთებაც ხდება ტექსტში და სხვა. საშინაო დავალებად მიეცათ:1. აღწერეთ ბუნება და მიუსადაგეთ ის თქვენს განწყობას; 2.გაიხსენეთ რაიმე საინტერესო ამბავი ან შეთხზეთ იგი და ისე ააგეთ თხრობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამბავს უნდა ჰქონდეს დასაწყისი, კულმინაციური ნაწილი და კვანძის გახსნა.




5. საწრეო მუშაობის მეხუთე შეხვედრა
  საწრეო მუშაობის თემა იყო ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია ტექსტში. წრის ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი იყო საკითხავი მასალა, სამუშაო ფურცლები, არამხატვრული ტექსტები.დაკვირვების მეთოდით გაიაზრეს აბზაცის ფუნქცია და მოიძიეს ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაცია. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ესესა და ანალიზის წერისას მოსწავლემ გაითვალისწინოს, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს აბზაცმა.უნდა დაიმახსოვროს, რომ თემატურ წინადადებას მოსდევს მისი გაშლა-განვრცობა, ხოლო კონცეპტუალურს მოსდევს ან წინ უსწრებს მტკიცება-დასაბუთება. საშინაო დავალება: დაასრულეთ შემდეგი აბზაცები...



6. საწრეო მუშაობის მეექვსე შეხვედრა.
 წრის შეხვედრის სამუშაო თემა იყო პუბლიცისტური სტილი (ჟურნალისტიკისა და ორატორული ხელოვნების სტილი). მოსწავლეებმა გაიგეს ძირითადი ნიშნები: ინფორმაციის მიწოდება და მკითხველზე( მსმენელზე) ზემოქმედების მოხდენა-სიმწვავე, აქტუალურობა; პრობლემის წამოწევა; სიცხადე, ემოციურობა; ავტორისეული პოზიციისა და დამოკიდებულების ღია გამოვლენა; ადვილად გასაგები ენა; დააკვირდნენ დამახასიათებელ თავისებურებებს, როგორიცაა: მკითხველისადმი უშუალო მიმართვა; კითხვისა და ძახილის წინადადებების ხშირი გამეორება; მწიგნობრული და სასაუბრო მეტყველების ერთგვარი სინთეზი; დარწმუნებისა და ზემოქმედების სხვადასხვა ხერხის გამოყენება ( მსჯელობა, არგუმენტირება, მაგალითების მოყვანა); სხვათა ნათქვამის გამოყენება( ციტირება). დავალება: 1. წაიკითხეთ ი.ჭავჭავაძის პუბლიცისტური ნაშრომები: „რჩეული წერილები“,  „ერი და ისტორია“; ქვათა ღაღადი;  3. აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტური წერილი „ქვეყნის თავისუფლება და პიროვნების თავისუფლება“.
წერითი დავალება: აირჩიეთ რაიმე აქტუალური პრობლემა ( ბავშვის აღზრდა; პირველ კლასში უცხო ენის სწავლება; ბულინგი და მისი პრევენციის გზები; კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება; და სხვ.) და დაწერეთ პუბლიცისტური წერილი, რომელშიც ღიად გამოთქვამთ საკუთარ დამოკიდებულებას ამ ფაქტისადმი.




7. საწრეო მუშაობის  მეშვიდე შეხვედრა
წინა შეხვედრის თემა- პუბლიცისტური სტილი-გრძელდება მომდევნო სამ მეცადინეობაზე, გამომდინარე მისი აქტუალურობიდან და თემატური სირთულიდან. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს და იმსჯელეს ილია ჭავჭავაძის „რჩეულ წერილებზე“, მარკერით მოინიშნეს მონაკვეთები, დაუკავშირეს თანამედროვეობის ისეთ მწვავე პრობლემებს, როგორიცაა ევროპული განათლების კონცეფცია და მისი მნიშვნელობა ქართული რეალობისთვის. მთავარი აქტივობა იყო სტილისტურ თავისებურებებზე დაკვირვება, განსაკუთრებით ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაციის მოძიება; წერით დავალებებზე მუშაობა წარიმართება ზემოთ აღნიშნული თემატიკით.

8. საწრეო მუშაობის მერვე შეხვედრა
თემა: ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილები: „ერი და ისტორია“, „ქვათა ღაღადი“ (ამონარიდები). აქტივობები: წაკითხულის გააზრება; სტილისტურ თავისებურებებზე დაკვირვება; არგუმენტირებული მსჯელობა. მოსწავლეებმა შეძლეს კრიტიკული წერილის დანიშნულების მიგნება და საკუთარი, პიროვნული აზრის ჩამოყალიბება. იმსჯელეს თანამედროვე ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე ისტორიისადმი; მართალია,ჩვენი ქვეყნის ისტორიით ვამაყობთ, მაგრამ მისი შესწავლითა და ღრმა გააზრებით თავის შეწუხება არ გვინდა.საშინაო დავალება: გადმოეცით წერილობით, რა პასუხს გასცემდით ილია ჭავჭავაძეს, მისი ეპოქის რა პრობლემები დავძლიეთ, როგორ გვესახება მომავალი.დაიცავით პუბლიცისტური სტილის ძირითადი ნიშნები და ენობრივი მახასიათებლები.

9. საწრეო მუშაობის მეცხრე შეხვედრა
შეხვედრის თემა იყო აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტური წერილი „ქვეყნის თავისუფლება და პიროვნების თავისუფლება“. მოსწავლეებმა გაიღრმავეს კრიტიკული ნაშრომის გაგებისა და მსჯელობის, საკუთარი პოზიციის გამოხატვის უნარ-ჩვევა; უკეთ შეძლეს პუბლიცისტიკისთვის დამახასიათებელი ენობრივი მახასიათებლების სწორად გამოყენება. აღნიშნულ წერილთან ერთად შევთავაზე წასაკითხად ვაჟა-ფშაველას „რა არის თავისუფლება“. ჩემი აზრით, ამით გაღრმავდა მოსწავლეთა ცოდნა თავისუფლების ცნებაზე, რაც მათ მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.



10. საწრეო მუშაობის მეათე შეხვედრა

   შეხვედრის თემა იყო საგაზეთო სტატიები.მოსწავლეებმა გაიგეს, რომ კარგი სტატიის ტექსტი უნდა იყოს  მარტივად გასაგები, გრამატიკულად გამართული და სასიამოვნო საკითხავი. თუ საგაზეთო სტატია რეალურ საზოგადოებრივ პრობლემას ეხმიანება, იგი პრობლემასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს: ფაქტს (თვალსაჩინო მაგალითს);   შეფასებას ანუ პოზიციას, დამოკიდებულებას ამ ფაქტის მიმართ და  დასკვნას. ასეთ შემთხვევაში სტატიას პუბლიცისტური წერილის შინაარსი ენიჭება. შეხვედრაზე მოტანილი გვქონდა სხვადასხვა გაზეთი. მოსწავლეები კითხულობდნენ და მსჯელობდნენ სტატიების ტიპებსა და ავტორთა პოზიციაზე.
წერითი დავალება: მოიძიეთ ჟურნალ-გაზეთებში წერილები, რომლებშიც გამოხატულია ავტორთა პოზიცია რაიმე საკითხთან ან პრობლემასთან დაკავშირებით;



·       
11. საწრეო მუშაობის მეთერთმეტე შეხვედრა
  შეხვედრის თემა იყო ესეს სტრუქტურა და სახეები. მოსწავლეები გაეცნენ ესეს წერის ტექნოლოგიას. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ დავარწმუნოთ სხვები ჩვენი მოსაზრების სისწორეში.კონკრეტული მაგალითებით დავარწმუნე მოსწავლეები, რომ არგუმენტები არის ორგვარი: ფაქტები და ავტორიტეტები. წრის წევრები დაეუფლნენ იმ ენობრივ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ესეში. წავიკითხეთ ესეს ნიმუშები.საშინაო დავალება: საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდისას სიმკაცრის გამოჩენა უკეთესი შედეგის მომტანია, ვიდრე მის მმართ რბილი და ლოიალური დამოკიდებულება. არგუმენტირებული მსჯელობითდაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

12. საწრეო მუშაობის მეთორმეტე შეხვედრა
  შეხვედრის თემა იყო სამეცნიერო სტილის რაობა, ნიშნები და ენობრივი მახასიათებლები.მოსწავლეები ჩასწვდნენ აღნიშნული სტილის მიზანს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: გარემომცველი სინამდვილის ფაქტების შეძლებისდაგვარად ზუსტი და სრული განმარტება, მოვლენათა შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების ჩვენება, ინფორმაციის გადაცემა. სამეცნიერო სტილის ნიმუშებზე დაკვირვებით მოსწავლეები გაერკვნენ ძირითად ნიშნებსა და ენობრივ მახასიათებლებში. საშინაო დავალება: მოიძიეთ სხვადასხვა მეცნიერული ნაშრომი, იმსჯელეთ მათ ძირითად ნიშნებსა და ენობრივ მახასიათებლებზე.

13. საწრეო მუშაობის  მეცამეტე შეხვედრა
  საწრეო შეხვედრის თემა იყო სასწავლო რეფერატი. ცნობილია, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ( ქართ. X.13.) მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე: ირჩევს თემას; მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს; ადგენს რეფერატის გეგმას და სხვ.მოსწავლეები გაეცნენ სასწავლო რეფერატის ნიმუშებს და გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ მუშაობა  რეფერატზე, რომლის თემა იქნებოდა: „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულის ორიგინალობის საკითხი

14. საწრეო მუშაობის მეთოთხმეტე შეხვედრა
საწრეო მუშაობის თემა იყო პირადი და ოფიციალური წერილები.სახელმღვანელოებსა და ინტერნეტქსელში მოძიებული მასალის დამუშავებამ მეტად დააინტერესა წრის წევრები. მოსწავლეები დაეუფლნენ პირადი წერილის წერის ძირითად ელემენტებს. წაიკითხეს ცნობილ ადამიანთა წერილები; ( გრ. ორბელიანის წერილები მაიკო და გრ.ორბელიანებისადმი; გალაკტიონის წერილები ოლიას; ჩარლი ჩაპლინის წერილი თავის ქალიშვილს, ჯერალდინას); აგრეთვე გავაცანი ოფიციალური წერილების რამდენიმე ნიმუში; ასევე ისწავლეს, როგორ დავწეროთ CV, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ თქვენს შესახებ შეუქმნას წარმოდგენა, მაგალითად, დამსაქმებელ ორგანიზაციას და სხვ. საშინაო დავალება: დაწერეთ პირადი წერილი (ადრესატი აირჩიეთ სურვილისამებრ); შეადგინეთ თქვენი CV.

15. საწრეო მუშაობის მეთხუთმეტე შეხვედრა
შეხვედრის თემა იყო მხატვრული სტილის რაობა, ნიშნები და ენობრივი თავისებურებანი.ეს საკითხი მოსწავლეებმა საგაკვეთილო მასალებიდანაც იციან. მაგრამ ამჯერად ჩემი მიზანი იყო, განმემტკიცებინა ეს ცოდნა, განმევრცო და განმევითარებინა მოსწავლეებში მხატვრულ ენაზე დაკვირვების უნარები, რომ კარგად დაეუფლონ წერითი და ზეპირი მეტყველების დროს მხატვრული ენის გამოყენებას. მოსწავლეებს მივუთითე საკითხავი მასალა და პრეზენტაციისთვის შევარჩიეთ საკითხები( შედარება; მეტაფორა; ეპითეტი; გაპიროვნება; ალეგორია და სხვ.)



16. საწრეო მუშაობის მეთექვსმეტე შეხვედრა
   საწრეო შეხვედრის თემა იყო მხატვრული ენა. მოსწავლეები აკვირდებოდნენ  შერჩეული ავტორების ნაწარმოებთა მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს და მსჯელობდნენ,როგორია მწერლის სტილი, რა დანიშნულება აქვს ეპითეტს, მეტაფორას და სხვა. ტექსტები შერჩეული იყო რუსთაველის პოემიდან, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან .საშინაო დავალება: გაანალიზეთ, რა მხატვრული საშუალებებითაა რეალიზებული შერჩეული ტექსტის მთავარი სათქმელი.

17. საწრეო მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა
წრის წევრებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, თუ რა ისწავლეს მათ ერთი სემესტრის განმავლობაში, როგორ გამდიდრდა მათი ცოდნა სტილისტიკაში და სამომავლოდ როგორ დაეხმარებათ აქ მიღებული უნარ-ჩვევები.შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ მე-10 და მე-11 კლასის სხვა მოსწავლეებიც. მათ გამოხატეს თავიანთი პოზიტიური დამოკიდებულება. "მწიგნობრული მეტყველების სტილის" საწრეო მუშაობის ამსახველი მასალა-თემატიკა, თეორიულ მასალა, მოსწავლეთა ნამუშევრებთან ერთად, ინახება პორტფოლიოში.