Friday, June 8, 2018

საწრეო მუშაობის რეფლექსია


                              
  ქართული ენის წრე  „მწიგნობრული მეტყველების სტილი“ მოწოდებული იყო, მოსწავლეები თანმიმდევრულად გასცნობოდნენ მხატვრული, სამეცნიერო, პუბლიცისტური და საქმიან-ოფიციალური სტილის ტექსტებს და მათი ძირითადი ნიშნებისა და ენობრივი მახასითებლების შესწავლის  საფუძველზე, თავად შეექმნათ სხვადასხვა სტილით გამართული ტექსტები. წრის შეხვედრები ტარდებოდა გეგმის მიხედვით, ჩვენ ერთად მოვიძიებდით, ამ თუ იმ სტილის გათვალისწინებით,   მნიშვნელოვან მასალებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საგაზეთო სტატიებისა და წერილების თემამ. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა დიდი მონდომებით  წაიკითხეს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტური ნაშრომები. გაეცნენ არგუმენტირებული ესეს წერის მოთხოვნებს და წარმოადგინეს პრეზენტაციები თანამედროვეობის ისეთ მწვავე პრობლემებზე, როგორიცაა ბავშვის აღზრდა; პირველ კლასში უცხო ენის სწავლება; კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება და სხვა. წრის წევრებს შეუძლიათ ერთ თემაზე შექმნან საინფორმაციო, სამეცნიერო და მხატვრული ტექსტი. ცნობილია, რომ „მეტყველების ნიჭს ისეთი ვარჯიშობა უნდა, როგორიც ყველაფერს სხვას“-სწორედ ეს იყო ჩვენი წრის მიზანი და მან ხელი შეუწყო,  მოსწავლეებს უკეთ სცოდნოდათ ენის სტილისტური შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობდა  დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას.
   თითოეული საწრეო მეცადინეობისთვის მოვიძიებდი სათანადო რესურსებს; ვაწვდიდი მოსწავლეებს თეორიული მასალის შემცველ ლიტერატურას; გადაცემული საშინაო დავალებები ითვალისწინებდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
   საწრეო მუშაობა ესგ-ით განსაზღვრულ რთულ და ვრცელ საკითხებს მოიცავდა, რასაც თან ახლდა სირთულე როგორც თემატური, ისე დროის თვალსაზრისითაც. ამ მხრივ უნდა დავასახელო  სამეცნიერო სტილის შესწავლისას აღნიშნული ისეთი აქტივობა, როგორიცაა რეფერატი, რომლის შესწავლასა და ნიმუშების გაცნობას უნდა მოჰყოლოდა კვლევების ჩატარება.  ვფიქრობ, საწრეო მუშაობის დამთავრების შემდეგ  წრის  წევრები დამოუკიდებლად გააგრძელებენ თანამშრომლობას, მათ შეუძლიათ მომმართონ კონსულტაციისთვის.
    საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ  საწრეო მუშაობის დადებითი შედეგი იყო ის, რომ მივაღწიე მოსწავლეთა გააქტიურებას; მოზარდები  დაეუფლნენ მწიგნობრული სტილის საფუძვლებს.
  

Wednesday, May 16, 2018

წრის შეხვედრები


1.      საწრეო მუშაობის პირველი შეხვედრა
   შედგა პირველი შეხვედრა წრის წევრებთან.  მოსწავლეები ყურადღებით გაეცნენ ესგ-ის მოთხოვნებს  ენობრივ-სტილური საშუალებების ცოდნის თვალსაზრისით (ქართ.X.6 ; ქართ.XI.12…), გაიაზრეს მწიგნობრული მეტყველების სტილის მნიშვნელობა და აუცილებლობა და წრის ხელმძღვანელთან ერთად ჩამოაყალიბეს სამუშაო თემატიკა, განსაკუთრებით მოიწონეს პუბლიცისტური სტილის შესწავლისთვის შერჩეული აქტივობები. სტილის რაობაზე მცირე ლექციისა და თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ იმსჯელეს სხვადასხვა სტილისთვის დამახასიათებელ ნიშნებსა და თავისებურებებზე, რომელსაც განსაზღვრავს მეტყველების მიზანი და აუდიტორია. მოსწავლეებს  მიეცათ საშინაო დავალებები: 1. გაეცანით მწიგნობრული მეტყველების სტილის სახეების ძირითად ნიშნებს და მათ დამახასიათებელ თავისებურებებს. 2.  წაიკითხეთ შემოთავაზებული ტექსტები და შეეცადეთ განსაზღვროთ, რომელ სტილს განეკუთვნება თითოეული მათგანი.






 2.    საწრეო მუშაობის მეორე შეხვედრა
 საწრეო მუშაობის თემა იყო ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის მიხედვით. მოსწავლეებს გავაცანი სხვათა სიტყვის შემცველი მხატვრული, სამეცნიერო და პუბლიცისტური ტექსტები. ავუხსენი პირდაპირი ნათქვამის დანიშნულება, მისი ირიბად გადაკეთება. მოსწავლეებს შევთავაზე წინადადებები და ტექსტები, რომლებშიც  გამიჯნეს სხვათა სიტყვა ავტორის მეტყველებისგან. საშინაო დავალებად მიეცათ : დაწერეთ საინფორმაციო, სამეცნიერო ან მხატვრული ტექსტი, რომელშიც გამოიყენებთ სხვათა სიტყვას, როგორც პირდაპირს, ისე ირიბს.





3.   საწრეო მუშაობის მესამე შეხვედრა
   საწრეო მუშაობის თემა იყო ტექსტების კლასიფიკაცია მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. მოსწავლეები კითხულობდნენ შერჩეულ ტექსტებს, რომლებშიც აკვირდებოდნენ მონოლოგებს, დიალოგებსა და პოლილოგებს მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ  მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ, თუ რა ფუნქციური დატვირთვა გააჩნია მონოლოგს, დიალოგსა და პოლილიგს მხატვრულ ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში. საშინაო დავალებად მიეცათ: შეარჩიონ ცნობილ მწერალთა ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ წერილებში აღნიშნული ტექსტების შემცველი მონაკვეთები და იმსჯელონ მათს დანიშნულებასა და  გამოხატვის ენობრივ მახასიათებლებზე.




4. საწრეო მუშაობის მეოთხე შეხვედრა
მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს მეტყველების ფუნქციური ტიპები -აღწერა, თხრობა და მსჯელობა. გაეცნენ აღწერითი, თხრობითი და მსჯელობითი ტექსტების ნიმუშებს და დააკვირდნენ მათ ძირითად ნიშნებს; უპასუხეს კითხვებზე: რა ტიპის აღწერას ვხვდებით მოცემულ ტექსტში? დააკვირდით, როგორ აგებს თხრობას ავტორი? მოძებნეთ დებულება,რომლის დასაბუთებაც ხდება ტექსტში და სხვა. საშინაო დავალებად მიეცათ:1. აღწერეთ ბუნება და მიუსადაგეთ ის თქვენს განწყობას; 2.გაიხსენეთ რაიმე საინტერესო ამბავი ან შეთხზეთ იგი და ისე ააგეთ თხრობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამბავს უნდა ჰქონდეს დასაწყისი, კულმინაციური ნაწილი და კვანძის გახსნა.




5. საწრეო მუშაობის მეხუთე შეხვედრა
  საწრეო მუშაობის თემა იყო ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია ტექსტში. წრის ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი იყო საკითხავი მასალა, სამუშაო ფურცლები, არამხატვრული ტექსტები.დაკვირვების მეთოდით გაიაზრეს აბზაცის ფუნქცია და მოიძიეს ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაცია. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ესესა და ანალიზის წერისას მოსწავლემ გაითვალისწინოს, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს აბზაცმა.უნდა დაიმახსოვროს, რომ თემატურ წინადადებას მოსდევს მისი გაშლა-განვრცობა, ხოლო კონცეპტუალურს მოსდევს ან წინ უსწრებს მტკიცება-დასაბუთება. საშინაო დავალება: დაასრულეთ შემდეგი აბზაცები...



6. საწრეო მუშაობის მეექვსე შეხვედრა.
 წრის შეხვედრის სამუშაო თემა იყო პუბლიცისტური სტილი (ჟურნალისტიკისა და ორატორული ხელოვნების სტილი). მოსწავლეებმა გაიგეს ძირითადი ნიშნები: ინფორმაციის მიწოდება და მკითხველზე( მსმენელზე) ზემოქმედების მოხდენა-სიმწვავე, აქტუალურობა; პრობლემის წამოწევა; სიცხადე, ემოციურობა; ავტორისეული პოზიციისა და დამოკიდებულების ღია გამოვლენა; ადვილად გასაგები ენა; დააკვირდნენ დამახასიათებელ თავისებურებებს, როგორიცაა: მკითხველისადმი უშუალო მიმართვა; კითხვისა და ძახილის წინადადებების ხშირი გამეორება; მწიგნობრული და სასაუბრო მეტყველების ერთგვარი სინთეზი; დარწმუნებისა და ზემოქმედების სხვადასხვა ხერხის გამოყენება ( მსჯელობა, არგუმენტირება, მაგალითების მოყვანა); სხვათა ნათქვამის გამოყენება( ციტირება). დავალება: 1. წაიკითხეთ ი.ჭავჭავაძის პუბლიცისტური ნაშრომები: „რჩეული წერილები“,  „ერი და ისტორია“; ქვათა ღაღადი;  3. აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტური წერილი „ქვეყნის თავისუფლება და პიროვნების თავისუფლება“.
წერითი დავალება: აირჩიეთ რაიმე აქტუალური პრობლემა ( ბავშვის აღზრდა; პირველ კლასში უცხო ენის სწავლება; ბულინგი და მისი პრევენციის გზები; კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება; და სხვ.) და დაწერეთ პუბლიცისტური წერილი, რომელშიც ღიად გამოთქვამთ საკუთარ დამოკიდებულებას ამ ფაქტისადმი.




7. საწრეო მუშაობის  მეშვიდე შეხვედრა
წინა შეხვედრის თემა- პუბლიცისტური სტილი-გრძელდება მომდევნო სამ მეცადინეობაზე, გამომდინარე მისი აქტუალურობიდან და თემატური სირთულიდან. ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს და იმსჯელეს ილია ჭავჭავაძის „რჩეულ წერილებზე“, მარკერით მოინიშნეს მონაკვეთები, დაუკავშირეს თანამედროვეობის ისეთ მწვავე პრობლემებს, როგორიცაა ევროპული განათლების კონცეფცია და მისი მნიშვნელობა ქართული რეალობისთვის. მთავარი აქტივობა იყო სტილისტურ თავისებურებებზე დაკვირვება, განსაკუთრებით ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაციის მოძიება; წერით დავალებებზე მუშაობა წარიმართება ზემოთ აღნიშნული თემატიკით.

8. საწრეო მუშაობის მერვე შეხვედრა
თემა: ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილები: „ერი და ისტორია“, „ქვათა ღაღადი“ (ამონარიდები). აქტივობები: წაკითხულის გააზრება; სტილისტურ თავისებურებებზე დაკვირვება; არგუმენტირებული მსჯელობა. მოსწავლეებმა შეძლეს კრიტიკული წერილის დანიშნულების მიგნება და საკუთარი, პიროვნული აზრის ჩამოყალიბება. იმსჯელეს თანამედროვე ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე ისტორიისადმი; მართალია,ჩვენი ქვეყნის ისტორიით ვამაყობთ, მაგრამ მისი შესწავლითა და ღრმა გააზრებით თავის შეწუხება არ გვინდა.საშინაო დავალება: გადმოეცით წერილობით, რა პასუხს გასცემდით ილია ჭავჭავაძეს, მისი ეპოქის რა პრობლემები დავძლიეთ, როგორ გვესახება მომავალი.დაიცავით პუბლიცისტური სტილის ძირითადი ნიშნები და ენობრივი მახასიათებლები.

9. საწრეო მუშაობის მეცხრე შეხვედრა
შეხვედრის თემა იყო აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტური წერილი „ქვეყნის თავისუფლება და პიროვნების თავისუფლება“. მოსწავლეებმა გაიღრმავეს კრიტიკული ნაშრომის გაგებისა და მსჯელობის, საკუთარი პოზიციის გამოხატვის უნარ-ჩვევა; უკეთ შეძლეს პუბლიცისტიკისთვის დამახასიათებელი ენობრივი მახასიათებლების სწორად გამოყენება. აღნიშნულ წერილთან ერთად შევთავაზე წასაკითხად ვაჟა-ფშაველას „რა არის თავისუფლება“. ჩემი აზრით, ამით გაღრმავდა მოსწავლეთა ცოდნა თავისუფლების ცნებაზე, რაც მათ მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.



10. საწრეო მუშაობის მეათე შეხვედრა

   შეხვედრის თემა იყო საგაზეთო სტატიები.მოსწავლეებმა გაიგეს, რომ კარგი სტატიის ტექსტი უნდა იყოს  მარტივად გასაგები, გრამატიკულად გამართული და სასიამოვნო საკითხავი. თუ საგაზეთო სტატია რეალურ საზოგადოებრივ პრობლემას ეხმიანება, იგი პრობლემასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს: ფაქტს (თვალსაჩინო მაგალითს);   შეფასებას ანუ პოზიციას, დამოკიდებულებას ამ ფაქტის მიმართ და  დასკვნას. ასეთ შემთხვევაში სტატიას პუბლიცისტური წერილის შინაარსი ენიჭება. შეხვედრაზე მოტანილი გვქონდა სხვადასხვა გაზეთი. მოსწავლეები კითხულობდნენ და მსჯელობდნენ სტატიების ტიპებსა და ავტორთა პოზიციაზე.
წერითი დავალება: მოიძიეთ ჟურნალ-გაზეთებში წერილები, რომლებშიც გამოხატულია ავტორთა პოზიცია რაიმე საკითხთან ან პრობლემასთან დაკავშირებით;



·       
11. საწრეო მუშაობის მეთერთმეტე შეხვედრა
  შეხვედრის თემა იყო ესეს სტრუქტურა და სახეები. მოსწავლეები გაეცნენ ესეს წერის ტექნოლოგიას. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ დავარწმუნოთ სხვები ჩვენი მოსაზრების სისწორეში.კონკრეტული მაგალითებით დავარწმუნე მოსწავლეები, რომ არგუმენტები არის ორგვარი: ფაქტები და ავტორიტეტები. წრის წევრები დაეუფლნენ იმ ენობრივ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ესეში. წავიკითხეთ ესეს ნიმუშები.საშინაო დავალება: საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდისას სიმკაცრის გამოჩენა უკეთესი შედეგის მომტანია, ვიდრე მის მმართ რბილი და ლოიალური დამოკიდებულება. არგუმენტირებული მსჯელობითდაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

12. საწრეო მუშაობის მეთორმეტე შეხვედრა
  შეხვედრის თემა იყო სამეცნიერო სტილის რაობა, ნიშნები და ენობრივი მახასიათებლები.მოსწავლეები ჩასწვდნენ აღნიშნული სტილის მიზანს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: გარემომცველი სინამდვილის ფაქტების შეძლებისდაგვარად ზუსტი და სრული განმარტება, მოვლენათა შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების ჩვენება, ინფორმაციის გადაცემა. სამეცნიერო სტილის ნიმუშებზე დაკვირვებით მოსწავლეები გაერკვნენ ძირითად ნიშნებსა და ენობრივ მახასიათებლებში. საშინაო დავალება: მოიძიეთ სხვადასხვა მეცნიერული ნაშრომი, იმსჯელეთ მათ ძირითად ნიშნებსა და ენობრივ მახასიათებლებზე.

13. საწრეო მუშაობის  მეცამეტე შეხვედრა
  საწრეო შეხვედრის თემა იყო სასწავლო რეფერატი. ცნობილია, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ( ქართ. X.13.) მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე: ირჩევს თემას; მოიძიებს და დაამუშავებს წყაროებს; ადგენს რეფერატის გეგმას და სხვ.მოსწავლეები გაეცნენ სასწავლო რეფერატის ნიმუშებს და გადაწყვიტეს, რომ დაეწყოთ მუშაობა  რეფერატზე, რომლის თემა იქნებოდა: „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულის ორიგინალობის საკითხი

14. საწრეო მუშაობის მეთოთხმეტე შეხვედრა
საწრეო მუშაობის თემა იყო პირადი და ოფიციალური წერილები.სახელმღვანელოებსა და ინტერნეტქსელში მოძიებული მასალის დამუშავებამ მეტად დააინტერესა წრის წევრები. მოსწავლეები დაეუფლნენ პირადი წერილის წერის ძირითად ელემენტებს. წაიკითხეს ცნობილ ადამიანთა წერილები; ( გრ. ორბელიანის წერილები მაიკო და გრ.ორბელიანებისადმი; გალაკტიონის წერილები ოლიას; ჩარლი ჩაპლინის წერილი თავის ქალიშვილს, ჯერალდინას); აგრეთვე გავაცანი ოფიციალური წერილების რამდენიმე ნიმუში; ასევე ისწავლეს, როგორ დავწეროთ CV, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ თქვენს შესახებ შეუქმნას წარმოდგენა, მაგალითად, დამსაქმებელ ორგანიზაციას და სხვ. საშინაო დავალება: დაწერეთ პირადი წერილი (ადრესატი აირჩიეთ სურვილისამებრ); შეადგინეთ თქვენი CV.

15. საწრეო მუშაობის მეთხუთმეტე შეხვედრა
შეხვედრის თემა იყო მხატვრული სტილის რაობა, ნიშნები და ენობრივი თავისებურებანი.ეს საკითხი მოსწავლეებმა საგაკვეთილო მასალებიდანაც იციან. მაგრამ ამჯერად ჩემი მიზანი იყო, განმემტკიცებინა ეს ცოდნა, განმევრცო და განმევითარებინა მოსწავლეებში მხატვრულ ენაზე დაკვირვების უნარები, რომ კარგად დაეუფლონ წერითი და ზეპირი მეტყველების დროს მხატვრული ენის გამოყენებას. მოსწავლეებს მივუთითე საკითხავი მასალა და პრეზენტაციისთვის შევარჩიეთ საკითხები( შედარება; მეტაფორა; ეპითეტი; გაპიროვნება; ალეგორია და სხვ.)



16. საწრეო მუშაობის მეთექვსმეტე შეხვედრა
   საწრეო შეხვედრის თემა იყო მხატვრული ენა. მოსწავლეები აკვირდებოდნენ  შერჩეული ავტორების ნაწარმოებთა მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს და მსჯელობდნენ,როგორია მწერლის სტილი, რა დანიშნულება აქვს ეპითეტს, მეტაფორას და სხვა. ტექსტები შერჩეული იყო რუსთაველის პოემიდან, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან .საშინაო დავალება: გაანალიზეთ, რა მხატვრული საშუალებებითაა რეალიზებული შერჩეული ტექსტის მთავარი სათქმელი.

17. საწრეო მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა
წრის წევრებმა გამოხატეს თავიანთი აზრი, თუ რა ისწავლეს მათ ერთი სემესტრის განმავლობაში, როგორ გამდიდრდა მათი ცოდნა სტილისტიკაში და სამომავლოდ როგორ დაეხმარებათ აქ მიღებული უნარ-ჩვევები.შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ მე-10 და მე-11 კლასის სხვა მოსწავლეებიც. მათ გამოხატეს თავიანთი პოზიტიური დამოკიდებულება. "მწიგნობრული მეტყველების სტილის" საწრეო მუშაობის ამსახველი მასალა-თემატიკა, თეორიულ მასალა, მოსწავლეთა ნამუშევრებთან ერთად, ინახება პორტფოლიოში.





Monday, February 12, 2018

მწიგნობრული მეტყველების სტილი

საწრეო მუშაობა
წრის დასახელება:  მწიგნობრული მეტყველების სტილი
წრის ხელმძღვანელი: ნუნუ გაბუნია
სასწავლო დისციპლინა: ქართული ენა და ლიტერატურა
მიზნობრივი ჯგუფი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლის მე-10-12 კლასის მოსწავლეები
წრის მიზანი :   მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ის მოთხოვნების მიხედვით: ქართ. X. 6.7.8.9;     ქართ. XI. 12,13;             ქართ. XII. 11.
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
აქტუალურობა და მნიშვნელობა: ესგ-ის სტანდარტი მოითხოვს, რომ საშუალო სკოლის დასრულების შედეგად, მოსწავლეს უნდა შეეძლოს: ტექსტების ტიპების ამოცნობა და განმარტება მათ  სტრუქტურულ-გრამატიკულ თუ სტილისტურ თავისებურებებზე დაყრდნობით; სხვადასხვა ტიპისა და სტილის ტექსტების გამართულად წერა და სხვ. აქედან გამომდინარე,  მწიგნობრული მეტყველების სტილის შემსწავლელი წრე დაეხმარება მოსწავლეებს, რომ  თანმიმდევრულად გაეცნონ  მხატვრული, სამეცნიერო, პუბლიცისტური და საქმიან-ოფიციალური სტილის ტექსტებს, დააკვირდნენ მათ ძირითად ნიშნებსა და დამახასიათებელ თავისებურებებს, მოიძიონ სათანადო ლიტერატურა, განსაკუთრებით წაიკითხონ ქართული პუბლიცისტიკის საუკეთესო ნიმუშები, თავად შექმნან სხვადასხვა სტილით გამართული ტექსტები, წარმოადგინონ  პრეზენტაციები.მეტყველების ნიჭს ისეთი ვარჯიშობა უნდა, როგორც ყველაფერს სხვას“(ი.ჭავჭავაძე). მიღებული ცოდნა თავის მხრივ აისახება მოსწავლის მიერ  პრობლემაზე მსჯელობისას, სხვადასხვა სახის ესესა  თუ წაკითხულ წიგნზე რეცენზიის წერისას. ვფიქრობ, აღნიშნული წრის მუშაობა შეავსებს სახელმძღვანელოებში არსებულ მასალას, განავითარებს მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევებს და აამაღლებს მათ  მოტივაციას.

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: 2017-2018 სასწავლო წლის მე-2 სემესტრი, კვირაში 1 საათი


                                                           საწრეო მუშაობის პროგრამა

#
თვე და რიცხვი
თემა
აქტივობა
მიზანი
რესურსი
1
08.02
შეხვედრა წრის წევრებთან, სამუშაო თემატიკის გაცნობა. სტილის რაობა
მინი ლექცია. სხვადასხვა სტილის ტექსტების გაცნობა და დაკვირვება.
ტექსტის ტიპების დადგენისთვის მზაობა
სამეცნიერო, საგაზეთო, მხატვრული და ოფიციალური ტექსტები
2
15.02.
ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის მიხედვით
ტექსტებში ავტორის მეტყველების გამიჯვნა სხვათა სიტყვისგან; კითხვა-პასუხი; მსჯელობა
პუბლიცისტურ, საინფორმაციო ტექსტებში
პირდაპირი ნათქვამის ჩართვის დანიშნულების გააზრება.
სხვათა სიტყვის შემცველი საინფორმაციო, პუბლიცისტურტექსტები, დაფა, ცარცი, მარკერი, სამუშაო ფურცლები
3
22.02
ტექსტების კლასიფიკაცია მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით
თეორიული მასალის გაცნობა; ტექსტებზე დაკვირვება.
თხზულებების წერა სამივე ფორმით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი)
შერჩეული ტექსტები; სამუშაო ფურცლები; მარკერი.
4
01.03
მეტყველების ფუნქციური ტიპები
აღწერის, თხრობისა და მსჯელობის სტილისტურ თავისებურებებზე დაკვირვება; კითხვა და მსჯელობა.
მხატვრულ და პუბლიცისტურ ნაწარმოებებში მეტყველების ტიპების შერევის დანიშნულების გარკვევა
შერჩეული ტექსტები; სამუშაო ფურცლები; მარკერი.
5
15.03
ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
ტექსტებიდან ფაქტობრივი, კონცეპტუალური ინფორმაციის ამოკრება, ქვეტექსტური ინფორმაციის ამოცნობა.
ე ს გ-ის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის მიღება. არამხატვრული ტექსტების აბზაცებად დაყოფით თეზისების ჩამოყალიბება.

შერჩეული ტექსტები; სამუშაო ფურცლები; მარკერი.
6
22.03
პუბლიცისტური სტილის რაობა, ნიშნები და ენობრივი თავისებურებები
მინი ლექცია. პუბლიცისტური ტექსტების თემატიკა: ესე, საგაზეთო სტატიები, სხვადასხვა პერიოდის პუბლიცისტიკა; ბიოგრაფია)

 მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება; პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლებისთვის ხელშეწყობა.
შერჩეული ტექსტები; სამუშაო ფურცლები; მარკერი.
საკითხავი მასალა.
7
29.03
პუბლიცისტიკა-ილია ჭავჭავაძის რჩეული წერილები.
წაკითხულის გააზრება; სტილისტურ თავისებურებებზე დაკვირვება; მსჯელობა
პუბლიცისტური ნაწარმოების დანიშნულების გააზრება; პრობლემის მიგნება.
ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური ტექსტები
8
05.04
პუბლიცისტიკა-ილა წავჭავაძის -„ერი და ისტორია“; „ქვათა ღაღადი“.
წაკითხულის გააზრება; სტილისტურ თავისებურებებზე დაკვირვება; არგუმენტირებული მსჯელობა.
პუბლიცისტური ნაწარმოების დანიშნულების გააზრება; პრობლემის მიგნება. პიროვნული აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების განვითარება.
ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური ტექსტები; სამუშაო ფურცლები
9
12.04
აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტური ნაშრომი „ქვეყნის თავისუფლება და პიროვნების თავისუფლება“
წაკითხულის გააზრება; სტილისტურ თავისებურებებზე დაკვირვება; მსჯელობა
პრობლემის მიგნება. პიროვნული აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევების განვითარება.
აკაკი ბაქრაძის  პუბლიცისტური ტექსტები; სამუშაო ფურცლები
10
19.04
საგაზეთო სტატიები
სტატიების მოძიება, მიმოხილვა; წერითი დავალების შესრულება
შერჩეული საგაზეთო სტატიის გამხმაურება-პრობლემა, ფაქტი,შეფასება და დასკვნა.
ჟურნალ-გაზეთების სტატიები, სამუშაო ფურცლები.
11
26.04
ესეს სტრუქტურა და სახეები
თეორიული მასალის გაცნობა; ლექსიკური ერთეულების შესწავლა; ესეს შეფასების კრიტერიუმების შემუშავება.
ესეს წერის ტექნოლოგიების დაუფლება; ანალიტიკური  თემატიკის შერჩევა და პრეზენტაცია
მოძიებული თეორიული მასალები და ნიმუშები
12
03.05
სამეცნიერო სტილის რაობა, ნიშნები და ენობრივი მახასიათებლები.
მინი ლექცია; სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები; რეფერატი
სამეცნიერო-პოპულარული სტატიების კითხვის მოტივაციის გაზრდა, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება
სამეცნიერო-პოპულარული სტატიები; ჩანაწერები. მოსწავლეთა გამოკვლევები (მცირე მოცულობის)
13
10.05
სასწავლო რეფერატი
მინი ლექცია; ნიმუშების გაცნობა;
რეფერატის გეგმის შედგენა; დავალებების განაწილება.
კვლევის უნარ-ჩვევების დანერგვა; რეფერატების პრეზენტაცია.


საპრეზენტაციო მასალები; წყაროები, კომპიტერი.
14
17.05
პირადი და ოფიციალური წერილები
სათანადო მოდელების გაცნობა; გამოჩენილ ადამიანთა წერილების კითხვა. პროფესიული ტერმინოლოგიის შესწავლა;
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მადლობის, თხოვნის, დარიგების, კრიტიკული დამოკიდებულების გამომხატველი წერილების წერა; საქმიანი ქაღალდების შედგენა( მაგ.CV)
პირადი და ოფიციალური წერილების ნიმუშები, საკუთარი ნაშრომები, სხვა სამუშაო მასალები
15
24.05
მხატვრული სტილი, რაობა, ნიშნები და ენობრივი თავისებურებანი
სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების კითხვა; მხატვრულ ენაზე დაკვირვება
სიტყვის „გარდასახვის“ ხელოვნების მახასიათებლების შესწავლა და ტექსტებში მოძიება
შერჩეული მხატვრული ტექსტები, თეორიული მასალა, სამუშაო ფურცლები
16.
31.05.
მხატვრული ენა
შერჩეული ავტორების ნაწარმოებთა მხატვრულ ენაზე დაკვირვება და მათი დანიშნულების განსაზღვრა
მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა, თუ რა მხატვრული საშუალებებითაა რეალიზებული ამ თუ იმ ნაწარმოების მთავარი სათქმელი
შერჩეული მხატვრული ტექსტები, საანალიზო მასალები; სამუშაო ფურცლები
17.
07.06.
შემაჯამებელი შეხვედრა ვრცელ აუდიტორიასთან
ზეპირი გამოსვლა; აუდიტორიის ინფორმირება; მოსწავლეთა ნამუშევრების, პორტფოლიოს პრეზენტაცია.
საწრეო მუშაობაზე მიღებული ცოდნის ანალიზი ( რა იყო კარგი, რა-ცუდი, რას შეცვლიდნენ)
შესრულებული ნამუშევრები, მოსწავლეთა ჩანაწერები, პორტფოლიო, კომპიუტერი.